ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია ვთქვა. რა ვიცოდი, სულ მცირე პერიოდში როგორ რადიკალურად შეიცვლებოდა ჩემი დამოკიდებულებები.
ბოლო პერიოდში აქტიურად მესმოდა ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების შესახებ დადებითი შთაბეჭდილებები. ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რამდენად მსურდა კვლავ ავტორის სხვა ნაწარმოებების გაცნობა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან გაპიარებული და სხვებისთვის მომხიბვლელი წიგნები, როგორც წესი, არცთუ ისე საინტერესოდ მეჩვენება ხოლმე.
საბოლოოდ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ქარჩხაძის გაცნობა კიდევ ერთხელ მეცადა. შევიძინე მისი წიგნები, რაც ალბათ საუკეთესო არჩევანი იყო. თავდაპირველად „ქარავანს“ გავეცანი. ისეთი წიგნი აღმოჩნდა პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს ადამიანს და გარესამყაროს სრულიად დაგავიწყებს. გამოგზაურებს პერსონაჟებთან ერთად, გადაგატანინებს მათთან ერთად სიხარულსაც და სევდასაც, გაგაცნობს მათ თავგადასავლებს და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ისედაც საინტერესო მოვლენების ფონზე მოგიწევს დაფიქრება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ „ქარავნი“ და „მდგმური“ ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ. ამიტომ შემდეგი ნაწარმოები, რომელიც წავიკითხე „მდგმური“ გახლდათ. ამ ნაწარმოებებმა ჩემი შვებულების პერიოდი დაუვიწყარი გახადა. შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემაც მსურდა, თუმცა იმდენად ჩამითრია შთაბეჭდილებების მორევმა, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ახლა კი „ანტონიო და დავითი“-ს შესახებ ვეცდები გაგიზიაროთ. „ზებულონი“, რამდენადაც მსმენია, ბოლო ტკბილი ლუკმა უნდა იყოს, ამიტომაც მისი წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს.
საუბარი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დავუბრუნდეთ კვლავ „ანტონიო და დავითს“. მოგზაურობები თავიდანვე მხიბლავდა, „გრაფი მონტე-კრისტოც“ ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია, ამიტომაც „ანტონიო და დავითის“ სიუჟეტმა თავიდანვე ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სჩვევია, ქარჩხაძე არაერთ საკითხზე გვიმახვილებს ყურადღებას. დასაწყისშივე ამბის გადმოცემასთნ ერთად, პატრიოტული სულისკვეთება და ნოსტალგია აშკარად თვალშისაცემია: „კაცს მუდამ გაქვს გაუაზრებელი სურვილი შენს ქვეყანაში დაიმარხო, სადაც შენი მამა-პაპა მარხია.“ ასევე უნდა აღვნიშვნო, რამდენად მომწონს ავტორის გამოთქმული აზრები, რომელიც სხვა ქართველ ავტორებს უთოუდ გაგვახსენებს: „ახლაც მწამს, რომ, კაცმა თუ რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვისმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება“. შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ამ სიტყვებზე გურამიშვილი. ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტშიც“ მოგვაგონდება აუცილებლად ფიქრის ასპექტების განხილვისას. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ აკნინებს ავტორს. პირიქით, ქარჩხაძის ყველა წინადადებაში იგრძნობა ინდივიდუალიზმი და უზადო თხრობის ნიჭი.
წიგნში მიმდინარე მოვლენები ისტორიულ ფონზე ვითარდება. ამიტომ ავტორის განსწავლულობა ამ კუთხითაც იგრძნობა. ვხვდებით ღალატს, თავდადებას, სიძულვილს, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებას, ყველაფერ იმას, რაც ყველა ეპოქის საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი.
საუცხოოა ავტორის მიერ პერსონაჟების აღწერის სტილი, მათი დახასითება. როგორც წესი, გარეგნობა მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია პერსონაჟების ბუნებასთან. გამონაკლისია დავითი, რომლის ბუნებაც ანტიპოდია მისი საუცხოო გარეგნობისა. თუმცა, ასეთი კონტრასტიც გვაფიქრებინებს მის სამომავლო ტრანსფორმაციაზე. ასევე, მგონია, ყურადღება უნდა გავამხვილოთ პერსონაჟთა დახასიათების იმ ნაწილზე, როცა მათი არამხოლოდ გარეგნული თვისებებია წარმოჩენილი, არამედ ე.წ. „არაამქვეყნიური“. მაგალითად ანტონიოს თვალები შემდეგნაირად არის აღწერილი: „შიგნიდან გარეთ კი არ იმზირებოდნენ, არამედ გარედან შიგნით, რის გამოც მთელ სახეს ისეთ იერს ანიჭებდნენ, გეგონებოდათ, ფიქრებით სხვაგანაა და რაც აქ ხდება, სრულებით არ აინტერესებსო“. სავარაუდოდ ეს თავიდანვე გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ საბოლოოდ ყურადღება უნდა გავამხვილოთ არა მხოლოდ გარეგნულ თვისებებზე, არამედ პერსონაჟთა სულიერ სამყაროზე, მათ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ვფიქრობ, ავტორს იდეალურად გამოსდის ჩვენი სულის ღრმა კუნჭულებში შეგვახედოს.
შეუძლებელია არ დავფიქრდეთ რწმენაზე, რელიგიაზე, ღმერთზე. მცირე-მცირე დეტალებით ქარჩხაძე მინიშნებებს გვაძლევს. ძალიან საინტერესო ეპიზოდია დავითის და ანტონიოს მონკვეთი, რომელიც შემდეგი ფრაზით სრულდება: „ღმერთია ყველაფერი, რაც არის და რაც არ არის“. „ვიდრე ჰხვალ, უფალო“-შიც ანალოგიურს აქვს ხაზი გასმული - „ნერონმა ისე ჩიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადაჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას.“
როგორც უკვე აღვნიშნე, ავტორი უბრალოდ ამბებს არ მოგვითხრობს. ეს ამბები გაცილებით ღრმაა. მაგალითად: მოსახლეობის აღწერისას ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის კულტურის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტზე - სიმღერაზე. წარმოგვიჩენს, მაცხოვრებლებისთვის მის როლს. თუმცა, ამავდროულად ვხედავთ მის დაპირისპირებას სინდისთან. მაშინ როცა ეს ფაქტორი ემატება მიმდინარე მოვლენებს, ხდება ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლა და მოსახლეობა სრულებით ივიწყებს სიმღერას. ერთი მხრივ, მისი როლი მნიშვნლოვანია: „რაც კი ამქვეყნიური ცხოვრების სიმწარემ და ამაოებამ შეიძლება ადამიანის გულში დააგროვოს, ქართველებს სიმღერით გამოაქვთ“. თუმცა ამავდროულად სინდისსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ერთი დადებითი რაც შეგვიძლია დავინახოთ - მაცხოვრებლები თავის საქციელს გამართლებას არ უძებნიდნენ და მთლად შუბლის ძარღვი არ ჰქონიათ გაწყვეტილი, როგორც ჩანს. „ნამუსიც კარგი საქონელიაო“ - სრულად შეესაბამება ამ სიტუაციას.
ზოგადად შიშთან დაპირისპირება ცალკე პლანზე აქვს ქარჩხაძეს წარმოჩენილი. საბოლოოდ, დავითის ტრანსფორმაციაც სწორედ მასთან მიმართებით ხდება. ესეც ერთგვარი გაკვეთილი უნდა იყოს ალბათ მკითხელისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რომ ამ ადამიანის გარდასახვაზე იმოქმედა ანტონიომ. დავითი თავიდან უარყოფით პერსონაჟად იყო წარმოდეგნილი, მისგან კი საბოლოოდ გამოიწრთო სრულიად სხვა და კეთილი. შესაძლოა, აქ რეალიზმისთვის დამახასითებელი ნიშნებიც დავინახოთ და ვივარაუდოთ, რომ დავითმა თავის დადებითი თვისებები გამოავლინა უბრალოდ. „ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“. ანტონიო შესაძლოა მხოლოდ მასტიმულირებელი ფაქტორი იყო ტრანსფორმაციისთვის.
საერთოდ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველივე არა მხოლოდ გულით დავინახოთ, არამედ გონებითაც განვსაჯოთ. აზვირთებულ განცდებს ჩვენზე გაბატონების საშუალება არ უნდა მივცეთ. გარკვეულწილად „ქარავანის“ აბელის და უკლებას დიალოგიც ამის დასტურია.
მთხრობელი ბართლომეო გვეუბნება, რომ ისე აღწერს ამბავს, მკითხველმა თავშესაქცევიც იპოვოს, სიხარულიც და სევდაც, „რა ჯურისა და ყაიდის კაცმაც არ უნდა გაშალოს, რაღაც ჰპოვოს შიგ საინტერესო“. ქარჩხაძის ნაწარმოებები მგონია, რომ ზუსტად მიესადაგება ამ სიტვებს და რეალურად ყველა ტიპის მკითხველზეა გათვლილი. მეტიც, არათუ რაღაცას ნახავენ საინტერესოს, არამედ დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან ბევრს. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეს მკითხველი უსაზღვროდ საინტერესო თავგადასავლების პარალელურად არსებული დიდაქტიკური წინადადებებით. ასევე, ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ავტორის ოსტატურად აღწერილი დახასიათებები.
P.S. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რისი თქმაც ამ კონკრეტულ ნაწარმოებზე შეიძლება. მით უმეტეს, ჯემალ ქარჩხაძის შესაძლებლობები ამ ყველაფრით არ შემოიფარგლება და შეუძებელია ასე მოკლე სიტყვაში ჩასტიო თითოეული განცდა და ემოცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ავტორის შემოქმედებას სრულად არ გავცნობივარ, ვფიქრობ მასზე საუბარი შეიძლება დაუსრულებლად...
საინტერესო მონაკვეთები გამოყავი, მადლობა ასეთი კარგი განხილვისთვის, განმიახლე ემოციები. მეც მოგაშველებ დღიურში ამოწერილი მონაკვეთებიდან. პერსონაჟების აღწერა მართლაც საუცხოო აქვს ქარჩხაძეს - „ზეციური ნათლის სხივს ნისლი გაურღვევია და შენი პირველარსება დიდი სასწაულით შეუძრავს. ქედზე სინანულის მძიმე ჯაჭვი გადევს, შუბლს მიწას ახლი და მამაზეციერს ცოდვების მიტევებას ევედრები“.
P.S. ზებულონზე გაჩერება არ შეიძლება, მინიმუმ სოლომონიანი და ა.შ. (მოთხრობები აქაც გვაქვს ეკა, ქარჩხაძე)
მადლობა გამოხმაურებისთვის.
გავეცნობი გვერდზე არსებულ ნაწარმოებებს აუცილებლად. გაგიზიარებთ შემდგომ შთაბეჭდილებებსაც ))
ძაან მაგარია ქარჩხაძე კარგი პოსტი იყო,მე მდგმური,ზებულონი და ქარავანი მაქ წაკითხული დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილებები მოვა დრო და ისევ წავიკითხავ.
ნამდვილად, დაგეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, მეც დავუბრუნდები კვლავ რაღაც პერიოდის შემდეგ ქარჩხაძის ნაწარმოებებს.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია