ჩხართვი და სკვინჩა

      არაფერი არღვევდა მყუდროებას დიდ, ფართო ეზოში, ტალავერი მშვიდად ეფიცხებოდა მზის ალერსიან სხივებს. ქათმები დინჯი კრიახით მიმოდიოდნენ, წყნარად, აუჩქარებლად. კატას გულისძილით ეძინა, ფართოდ თათებგაშლილს, როგორც თბილ დღეებში სჩვევიათ ხოლმე და მგონი ჰაერიც კი თვლემდა აგვისტოს საამურ სითბოში გარინდებული.

      ჩხართვი ისევ გამოჩნდა. შემოსკუპდა ჩხავერის ტალავერზე, ოღონდ შედარებით განაპირას, ქანდაკებასავით გაირინდა კისერაღერილი.

      - მიირთვი რამდენიც გინდა, - გულში ვეუბნები ამ სიტყვებს, არ მინდა დავაფრთხო. ველოდებოდი, სულ მალე მოჰყვებოდა იისფრად შეფერადებული მტევნების კენკვას.

      მაგრამ არა, ჩხართვი არ იძვრის ადგილიდან, არ მიგოგმანობს წინასწარ შეთვალიერებული მტევნისკენ. ისევ ისე ზის გაბუსხული. ჩანს, უკვე მოასწრო, ნისკარტი ჩაიგემრიელა შეთვალული ჩხავერის მარცვლებით, სანამ მე მის დანახვას მოვასწრებდი. ახლა უბრალოდ ზის და ისვენებს. ცოტაც და თავის სამყოფელს, ზეცას დაუბრუნდება.

      მაგრამ არა, სულ სხვა სცენა გათამაშდა ჩემს თვალწინ. მაღალი მუხის ხე დგას ჩვენი ეზოს განაპირას, სწორედ იმ მუხის კენწეროდან სკვინჩა აიჭრა ცაში, პირდაპირ ჩხართვისკენ აიღო გეზი, თითქმის სწორი ხაზი გაავლო ჰაერში და მკერდით დაეჯახა ჩხართვს, რომელიც ბაიბურშიც არ იყო, რას უპირებდნენ, რა ხდებოდა მის თავს.

      და რა გგონიათ? რა უნდა მომხდარიყო ამ საომარი მანევრის შედეგად? მოხდა ის, რომ ჩხართვი მაშინვე გადავარდა ტალავერის ლერწიდან, ქვასავით დაექანა დაბლა, ფრთებს უმწეოდ აფართხუნებდა, თუმცა როგორღაც მოახერხა, მიწამდე აღარ დაშვებულა. სადღაც შუა ადგილას, ტალავერსა და მწვანე კორდს შორის აღიდგინა წონასწორობა ფრთების ფართხუნის წყალობით. მოახერხა ჰაერში თავის შეკავება და უკანმოუხედავად გაფრინდა.

      ნანახით გაოგნებული დავრჩი. ეს რა ხდება ჩემს ეზოში, სკვინჩა თავს ესხმის ჩხართვს, რომელიც ზომით მასზე სამჯერ დიდია, ნამდვილი საომარი თვითმფრინავის, გამანადგურებლის ტაქტიკას იყენებს, რომელსაც მფრინავების ენაზე მგონი ტარანი ჰქვია, ამარცხებს მოწინააღმდეგეს და აჰა, ერთი შეხედეთ, რა კარგად შეიფერა გამარჯვება. უკვე მისია ბურთი და მოედანი, უფრო სწორად, იისფრად შეთვალული ტალავერი.

      - აჰა, შენ გინდა მიირთვა მწიფე ჩხავერი? ვერ მოგართვი! - დავუცაცხანე სკვინჩას, თან ხელი ავუქნიე გაბრაზებულმა. ისიც გაფრინდა, დიდად არაფრად ჩაუგდია ჩემი გაცხარება და მგონი, არც კი შევუმჩნევივარ. თუმცა შეიძლება განგებ მომაჩვენა თავი ასე.

      და ახლა, ამ გაბრაზებულ გუნებაზე ძალიან მინდა მოვძებნო ჩხართვი, ასე უკან მოუხედავად რომ დატოვა ბრძოლის ველი და შემდეგი სიტყვები ვუთხრა:

      - რა არხეინად, დაუნდობლად გესხმიან თავს, შენ კი გარბიხარ, არც კი ფიქრობ რაიმე იღონო საპასუხოდ. რა სირცხვილია, შენ ხომ ზომით მასზე სამჯერ დიდი ხარ, როგორ ურიგდები ასეთ სამარცხვინო დამარცხებას, ასე როგორ დაგიბრიყვა იმ, მართლაცდა ნამდვილმა ყაჩაღმა. ეს იმ დროს, როცა ასე გიყვარს ჩხავერის მარცვლებით პირის ჩატკბარუნება.

      ძალიან, ძალიან მინდა ჩხართვს ვუთხრა ეს სიტყვები, სადღაც ახლო - მახლო რომ იმალება, ალბათ შორს აღარ გაფრინდებოდა, ის ხომ ჩვენს ეზოში ბუდობს, მაგრამ, ვაი, რომ შეუძლებელია. ერთი ისღა დამრჩენია, სკვინჩას დავუცაცხანო, არ მივცე საშუალება ჩხართვის ადგილი დაიკავოს შეთვალული ჩხავერის ლერწებზე.

      ისე, კაცმა რომ თქვას, არც სკვინჩასთან მაქვს რაიმე სადაო. ძალიან ყოჩაღი გამოდგა, რაც მართალია, მართალია. ნამდვილი მეომარივით მოიქცა. ტარანზე წასვლა, ეს მეტად სარისკო მანევრია. ცხადია სკვინჩამაც კარგად იცის ეს და მიდის ამ რისკზე, როგორც ნამდვილი თავზეხელაღებული მეომარი.

      - რაც არ უნდა იყოს, მაინც არ დაგითმობ ბრძოლის ველს - ვეუბნები სკვინჩას, - ვერ დაიკავებ ჩხართვის ადგილს, ანდა, თუ მაინც გულით გინდა ნისკარტის ჩატკბარუნება, მე უნდა გამიგულო სადმე, ერთი ესღა დაგრჩენია.

      ერთი სიტყვით, ვერაფერს ვაგებინებ ვერც ერთს და ვერც მეორეს, ვერც გამარჯვებულს, ვერც დამარცხებულს, მხოლოდ საკუთარ გულს ვასკდები.

ჩხართვი და წუწკი კატა

      კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როცა ძალიან, ძალიან ვინატრე მქონოდა ამ მშვენიერი ფრინველისთვის რაიმეს თქმის, თუნდაც ერთი სიტყვის გაცვლის უნარი.

      ჯერ სრულიად მწვანე იყო ჩხავერი. ზაფხული ის ის იყო, იკრებდა ძალას. ხშირად ვუსმენდი ჩხართვის გალობას და ამითი ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ახლომახლო კომშის ხეზე უნდა ჰქონოდა ბუდე.

      იმ წუთში ჩხართვი არ მახსოვდა, სამურაბე ალუბალს ვარჩევდი, ფრთხილად გადამქონდა ჭურჭლიდან ჭურჭელში, რათა არ დაჭყლეტილიყვნენ. უცბად მომესმა ჩხართვის ხმა, რომელიც გალობას სულაც არ ჰგავდა. თავი ავწიე, ვხედავ, შემოსკუპებულა კომშის ხის ტოტზე, (ტალავერს მიღმა რამდენიმე კომშის ხე იყო ჩამწკრივებული) რაღაცაზე გაცხარებით მეხმიანება. უფრო მეტიც, გაკაპასებულიც კი შეიძლებოდა გვეწოდებინა მისი ხმისთვის. ჩანდა, რაღაცით ძალიან იყო გაჯავრებული და შეწუხებული. აბა საიდან უნდა მცოდნოდა, თუ რას შეიძლებოდა ასე შეეწუხებინა, ამ დროს კი მე მაფრქვევდა ამ გაბრაზებულ ხმებს თავისი კოპწია ნისკარტიდან. ერთგვარი სევდა და ნაღველიც ისმოდა მის ხმებში. იმთავითვე აშკარად შევამჩნიე.

      რა დაგემართა? - ვკითხე ჩხართვს, - მგონი რაღაცით ძალიან უნდა იყო შეწუხებული.

      ჩემი ხმის გაგონებისას ჩხართვმა თავი გვერდზე მიაბრუნა, თითქოს ჩემგან არაფრის გაგონება არ უნდაო, წამით გაჩუმდა, მერე ისევ გააგრძელა გაკაპასებული ხმების ფრქვევა. ტოტიდან ტოტზე გადაფრთხიალდა, ხმა ისევ შეიმაღლა, კიდევ უფრო სევდით და გაკაპასებით ახმიანდა. დიდი მწუხარება, სასოწარკვეთა, გაბრაზება, კიდევ რა ვიცი, რა აღარ ისმოდა მის ხმაში.

      - ნეტავი მართლა ვიცოდე, ასე რამ შეგაწუხა, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, თან ჩემი საქმე გავაგრძელე. სანამ იქ ვიჯექი, ჩხართვი აღარ გაჩუმებულა, გამწარებით ებრძოდა ვიღაცას თუ რაღაცას თავისი გაკაპასებული, მწუხარებით და სევდით სავსე ხმით. მე კი აბა რა შემეძლო რითი უნდა მეშველა, როცა არ ვიცოდი რა აწუხებდა ასე ძალიან. მოვრჩი ჩემს საქმეს, დავტოვე ჩხართვი თავის მძიმე დარდთან და ტკივილთან ერთად.

      მოგვიანებით კი, დაახლოებით სამიოდე დღის შემდეგ აი, რა მოხდა; სრულიად შემთხვევით ჩიტის ბუდე დავინახე, იმ კომშის ხის ძირას ეგდო, სადაც ჩხართვი ასე გაკაპასებით ეჩხუბებოდა ვიღაცას თუ რაღაცას, იქვე ეყარა ბარტყების ძვლების ნარჩენები. მაშინ კი მივხვდი, თუ რა დაატყდა თავს ჩვენს მშვენიერ მგალობელ ფრინველს, რატომ გამოსცემდა ასეთ გაკაპასებულ ხმებს, ის წუწკი კატა იყო ყველაფერში დამნაშავე. ბუდე დაუნგრია, ბარტყები ძირს გადმოუყარა. ჩხართვს რაღა დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სასოწარკვეთილი მოთქმა - გოდება დაეწყო ამის თაობაზე. არადა, ვინ იცის, იქნებ ჯერ კიდევ არ იყო გვიან, იქნებ გადამერჩინა მისი ბარტყები, ერთერთი მათგანი მაინც გამომეგლიჯა იმ წუწკი კატის კლანჭებიდან, რაიმე რომ გამეგო მისი გაკაპასებული ხმიდან. მართლაც დასანანია, რომ ვერაფერს ვაგებინებთ ერთმანეთს.

      ის იყო და ის, ჩხართვი აღარ დამინახავს, გადაიხვეწა ჩვენი ეზოდან. წუწკი კატაა ყველაფერში დამანაშავე.

ცოცხალი სივრცე

      ბავშვობაში მეგონა, ყველა ეზოს საკუთარი ცა ჰქონდა (ჩემი დიდი ოჯახი სოფლად ცხოვრობდა. დავაზუსტებ, სოფლის შუაგულში). როდესაც სადმე სხვა ეზოში შევაბიჯებდი, ვთქვათ, სათამაშოდ ვეწვეოდი მეზობლის გოგო - ბიჭებს, დარწმუნებული ვიყავი, სულ სხვა ცა დამყურებდა თავზე. დედაჩემს წავყვებოდი სადმე, მაშინაც ცხადია, სხვა ცის ქვეშ ამოვყოფდი თავს. ჩვენი ეზოს გადაღმა პატარა საჩიხი გამართეს ჩვენებმა საძოვრიდან მოდენილი საქონლისათვის. იქაც კი სხვა ცა იყო.

      და რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და ფართო, მაღალი და გაბრწყინებული ჩემი ეზოს ცა იყო. ამაში ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი.

      ერთი სიტყვით, მთელი ბავშვობა მრავალთაღოვან ციურ სივრცეებში დავაბიჯებდი. თან აზრადაც არ მომდიოდა, თუ რა უდიდეს მანძილს ვფარავდი ერთი პატარა გარბენით... ვთქვათ, როცა ერთი ეზოდან მეორემდე გადავირბენდი ხოლმე.

      ახლა, როდესაც ასე გულით მინდა ჩხართვს დაველაპარაკო და ვერაფრით ვახერხებ, სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი წარმოსახვა და განცდა მაგონდება საოცარი სიცხადით. ცნობილია, ბავშვობის მოგონებები სიცოცხლით სავსენი არიან... მეჩვენება, თითქოს სულ სხვა ცა ახურავს ჩხართვს თავზე, იმ მშვენიერ მგალობელ ფრინველს. სხვა ცის ბინადარია და სწორედ ამიტომ ვერაფერს ვაგებინებთ ერთმანეთს.

      იქნებ მართლაც ასეა, ვინ რა იცის.

      ერთგვარ შედარებას მოვიყვან, მისი საშუალებით იქნებ როგორმე შევძლო, ბავშვის თვალი მოვარგო ბრძენთა და განსწავლულთა ხედვას.

      ყველა ქვეყანას თავისი ცოცხალი სივრცე გააჩნია, თავის საზღვრებშია მოქცეული და საკუთარი ცა დაჰყურებს თავზე.

      რაღა თქმა უნდა, ყველას საკუთარი სალაპარაკო ენა აქვს ამ სასიცოცხლო სივრცესა და ცის გუმბათს მორგებული.

      ახლა წარმოვიდგინოთ ვინმე მოგზაური სტუმრად ეწვია ერთ - ერთ ქვეყანას (მნიშვნელობა არ აქვს, რომელს), გაიარ - გამოიარა ქუჩებში, მაგრამ დალაპარაებით ვერავის დაელაპარაკა, რადგან იქაურ მცხოვრებთა ენა არ იცოდა.

      ანუ ის სივრცე, სადაც ის ქალაქი სუფევდა, უცხო იყო მისთვის.

      მოგზაურს ისღა დარჩენია, ისწავლოს იმ ქალაქის მცხოვრებთა ენა, სხვანაირად ვერავის ვერაფერს გააგებინებს.

      გაივლის დრო, ისედაც მოხდება, იმ ქალაქის მცხოვრებნი ისწავლიან მოგზაურის ენას, მაშინ მართლაც დიდი ურთიერთგაგება დამყარდება მათ შორის.

      ამ მშვენიერ მგალობელ ფრინველსაც მინდა ამ თვალით შევხედო. სხვადასხვა სივრცის მკვიდრნი ვართ, ვერაფერს გავაგებინებთ ერთმანეთს, შეუძლებელია ჩვენს შორის რაიმე საუბარი.

      და ეს მხოლოდ შენ არ გეხება მგალობელო არსებავ. ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი სივრცე გააჩნია, საკუთარი ცა დაჰყურებს თავზე, ამიტომაც არაფერი ესმის ერთმანეთის.

      შეხედეთ ჩვენს ერთგულ მეგობარს, ძაღლს, რა სევდიანი თვალით გვიყურებს. ძალიან უნდა დაგველაპარაკოს, მაგრამ არ შეუძლია. ფისო? ოჰ, მას ლაპარაკი სრულებითაც არ სჭირდება, თათებზე მკიდიხართ ყველანიო - ცხადად ამბობს მისი იერი.

      ბოლოს და ბოლოს ადამიანებმა ისწავლეს ერთმანეთის ენა. სადაც არ უნდა წახვიდე დედამიწის ზურგზე, ყველგან შეიძლება დაელაპარაკო, რაიმე გააგებინო იქაურებს. საამისოდ ბევრი საშუალება არსებობს.

      მაგრამ აი, ჩვენს უმცროს ძმებს ( ასე ვუწოდებ დედამიწის დანარჩენ მკვიდრებს) ვერ დაელაპარაკებით. ვერც ფრინველს, ვერც ცხოველს, ვერც მცენარეს... ვერავის და ვერაფერს.

      და ასე მგონია, მთელი დედამიწა უამრავ სივრცეთა გზაჯვარედინია, დედამიწის ზურგზე კვეთენ ისინი ერთმანეთს, რამეთუ ყველა ცოცხალ არსებას თავისი სივრცე გააჩნია.

      რას შეიძლება ეს შევადარო?

      ცოცხალ სივრცეთა ლაბირინთი, სადაც მეტად ძნელია გზის გაკვლევა... ანდა, ცოცხალ სივრცეთა თაიგული, ალბათ ასედაც შეიძლება ითქვას. არ ვიცი განგების რა ძალით, მაგრამ დედამიწაზე შეიკრა ეს თაიგული დროის იდუმალი ნასკვით.

      ეს ბავშვის ხედვაა და მე დიდი სურვილი მაქვს, ბრძენთა და განსწავლულთა ხედვას მოვარგო იგი.

      - მე და შენ (ჩხართვს ვეუბნები) ამ თაიგულის მკვიდრნი ვართ, მასში ვართ ჩაწერილები, განგებამ ერთად შეკონა ჩვენი სივრცეები დროის დრეკადი ძაფით. ვინც ამ ძაფს მისწვდება, ყველა ცოცხალი სივრცის მფლობელი გახდება, ანუ ყველა სულდგმულის ენაზე შეძლებს ლაპარაკს.

      ჩხართვის გალობა მომესმა ამ ფიქრებში გართულს. (ჩვენს ეზოში აღარ ბუდობს, მაგრამ მისი გალობის ხმა ხანდახან მაინც აღწევს ხოლმე ჩემამდე). აჰა, ხმა მომაწვდინა, მაღალ ხეებს თვალმოფარებული გალობს ჩემი ეზოს მიღმა, გულუხვად აფრქვევს უტკბილეს ჰანგებს.  რას მანიშნებენ ეს ტკბილი ჰანგები, რას მიამბობენ? მეტისმეტად მიუწვდომელია ჩემთვის ეს ქარაგმა, ოცნებასაც კი ვერ გავბედავ მის ამოხსნაზე. ერთი რამეს მაინც ვეტყოდი მშვენიერ მგალობელ ფრინველს: შენ შეუძლებელი შესძელი ამ ხმატკბილი გალობით, ნისკარტი შეახე დროის დრეკად ძაფს, რითაც ცოცხალ სივრცეთა თაიგულია შეკრული დედამიწაზე. თვითონ ალბათ არაფერი იცი ამის შესახებ, არც გჭირდება, სრულიად გაუცნობიერებლად აღასრულებ ამ დიდ სასწაულს.

ნახვა: 979

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, სკვინჩა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters